პროექტი „ინფორმაციული ტექნოლოგიების სწავლების ერთიანი მოდელის დანერგვა საქართველოს რეგიონებში და მათ ბაზაზე საერთაშორისო სერტიფიცირებული პროგრამების დაფუძნება“ მიზნად ისახავს საქართველოს ცხრა რეგიონულ პროფესიულ კოლეჯში სისკოს საერთაშორისო აკადემიების დაფუძნებას და მათ ინტეგრაციას პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებთან. პროექტის ფარგლებში მოხდება ასევე საქართველოს მასშტაბით ერთიანი IT საგანმანათლებლო ქსელის შექმნა, სადაც განთავსებული იქნება IT პროფესიულ პროგრამებთან დაკავშირებული ყველა სასწავლო რესურსი: სასწავლო მასალები, გზამკვლევები, კურიკულუმები, ტესტები, პრაქტიკული დავალებები და სხვა. აქვე იქნება წარმოდგენილი ინდექსირებული ელ-ბიბლიოთეკა, ვიდეო გაკვეთილები/ვებინარები და დისტანციური სწავლებისთვის განკუთვნილი საგანმანათლებლო რესურსები ტესტირების, თვითშეფასების მოდულების, სიმულატორების და სხვა ინოვაციური სასწავლო ინსტრუმენტების სახით. საგანმანათლებლო ქსელში მოხდება სტუდენტთა და პედაგოგთა ფორუმების ინტეგრირება, რომელიც ხელს შეუწყობს სტუდენტთა დასაქმებას და პედაგოგთა პროფესიულ განვითარებას და გამოცდილების გაზიარებას მთელი ქვეყნის მასშტაბით.
წარმოდგენილი პროექტის განხორციელება მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც სისკოს მთავარ ოფისსა და საქართველოს მხარეს შორის შედგა შეთანხმება პროგრამების ქართულ ენაზე თარგმნისა და სისკოს საიტებზე განთავსების შესაძლებლობის შესახებ. ქართულენოვანი პროგრამები ოფიციალურად დაემატება სისკოს სასწავლო პლათფორმას და ხელმისაწვდომი იქნება პროფესიული სასწავლებლების სტუდენტებისა და მასწავლებლებისთვის.
პროექტის ფარგლებში შეიქმნა IT დამსაქმებელთა საბჭო საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების პროფილის მქონე კომპანიების, დამსაქმებლებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების ჩართულობით, რაც უზრუნველყოფს დამსაქმებლების და ბიზნესის ჩართულობას კვალიფიციური კადრების მომზადებასა და დასაქმებაში.