9 თებერვალს, 16:00 საათზე თბილისში, „ღია საზოგადოება – საქართველოს“ ოფისში გაიმართა კოლეჯის ერთ-ერთი პროექტის „ინფორმაციული ტექნოლოგიების სწავლების ერთიანი მოდელის დანერგვა საქართველოს რეგიონებში და მათ ბაზაზე საერთაშორისო სერტიფიცირებული პროგრამების დაფუძნება“ IT დამსაქმებელთა საბჭოს პირველი შეხვედრა. პროექტი მიმდინარეობს ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებული 140 მილიონი აშშ დოლარის კომპაქტის ფარგლებში, ფინანსდება ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს მიერ, როგორც პროექტის „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ მიერ მხარდაჭერილი ერთ-ერთი პროექტი.
პროექტის ფარგლებში დაფუძნებული IT დამსაქმებელთა საბჭოს მიზანია ამ მიმართულების მქონე ორგანიზაციებსა და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის მჭიდრო ურთიერთკავშირის ხელშეწყობა, შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება და პროექტის იმ რგოლთან თანამშრომლობა, რომელიც უზრუნველყოფს შრომის ბაზრის მოთხოვნების ასახვას საგანმანათლებლო სტანდარტებსა და მოდულურ სასწავლო პროგრამებში.
IT დამსაქმებელთა საბჭოს შემადგენლობაში შედიან ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროში მოღვაწე ისეთი ორგანიზაციების წარმომადგენლები, როგორიცაა საქართველოს სამეცნიერო-საგანმანათლებლო კომპიუტერული ქსელების ასოციაცია „გრენა“, მაგთიკომი, NewTelco საქართველო, გრინეტი, საქართველოს ICT ბიზნეს საბჭო, საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაცია და მონაცემთა გაცვლის სააგენტო.
პროფესიული კოლეჯი „თეთნულდი“ პროექტს ახორციელებს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტისა და „ცისკოს ქსელური აკადემიების“ მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში ასევე იგეგმება საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში მდებარე ცხრა კოლეჯში ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სწავლების ერთიანი მოდელის დანერგვა, ერთიანი სასწავლო პლატფორმის შექმნა და მასწავლებელთა პროფესიული მომზადება.
9 ოქტომბერი, 2018