2017 წლის ივნისში, პროექტის ყველა პარტნიორ კოლეჯში, დაფუძნდა სისკოს საერთაშორისო აკადემია. აკადემიების გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელნი არიან კოლეჯების სერტიფიცირებული პედაგოგები, რომელთაც საშუალება ექნებათ, სასწავლო პროცესი სისკოს აკადემიის ინტერფეისის გამოყენებით წარმართონ. პედაგოგებს პროექტის ფარგლებში ჩაუტარდებათ დამატებითი ტრენინგები სისკოს აკადემიის სასწავლო გარემოს გამოყენებისა და ამ გარემოში მეცადინეობების წარმართვისათვის.
ყოველწლიურად, მსოფლიოში სისკოს ქსელური აკადემიების ასობით ათასი სტუდენტი ახდენს საკუთარი ცოდნის დონის გაღრმავებასა და ახალი უნარ–ჩვევების შეძენას კომპიუტერული ქსელების დაგეგმვის, ინსტალაციისა და მართვის სფეროში. ეს ერთის მხრივ ხელს უწყობს მათი კარიერული პერსპექტივების გაფართოებას და მეორეს მხრივ უზრუნველყოფს კომპიუტერული ქსელების პროფესიონალებზე გლობალური მოთხოვნის დაკმაყოფილებას. ამჟამად, სისკოს ქსელური აკადემიის პროგრამაში ჩართულია მსოფლიოს 165 ქვეყანა, რომლებიც ამზადებენ სტუდენტებს მსოფლიოში აღიარებული საერთაშორისო სერტიფიკატების მოპოვებისთვის და საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების თითქმის ყველა სფეროში დასაქმებისთვის. სისკოს ქსელური აკადემიის სასწავლო კურსები მომზადებულია ყველა იმ მოთხოვნის გათვალისწინებით, რომლებიც დღეს არსებობს კომპიუტერული ქსელების დარგში და შეესაბამება 21–ე საუკუნის საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების ტენდენციებს.