8 ოქტომბერი, 2018

    საუკეთესო პრაქტიკის მაგალითი

    კონფერენცია, სახელწოდებით – „IT პროფესიული საგანმანათლებლო ქსელი: საუკეთესო პრაქტიკის მაგალითი“, დღეს სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში“ გაიმართა.

    აღნიშნული კონფერენციით შეჯამდა „ათასწლეულის გამოწვევის ფონდ – საქართველოსა“ და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მხარდაჭერითა და თანადაფინანსებით განხორციელებული იმ მასშტაბური პროექტის მიღწევები და შედეგები, რაც ინფორმაციული ტექნოლოგიების შესასწავლად საქართველოს რეგიონებში ერთიანი მოდელისა და საერთაშორისო სერტიფიცირებული პროგრამების დანერგვას ითვალისწინებს.

    როგორც აღინიშნა, ათასწლეულის გამოწვევის კომპაქტის ფარგლებში შეიქმნა ერთიანი IT პროფესიული საგანმანათლებლო ქსელი, რომელიც ზრუნავს პედაგოგების პროფესიულ განვითარებაზე, სასწავლო რესურსებისა და მასალების შექმნა-დახვეწაზე, სასწავლო პროცესში საერთაშორისო სერტიფიცირებული კურსების ინტეგრირებაზე, კერძო სექტორის ჩართულობის გაზრდასა და დასაქმების მექანიზმების გაუმჯობესებაზე. სადღეისოდ, ქსელში გაერთიანებულ კოლეჯებში CISCO-ს და სხვა საერთაშორისო პროფესიული პროგრამები ისწავლება, ამასთან, ყველა კოლეჯის მასწავლებლისა და მოსწავლისთვის შექმნილია ერთიანი IT სასწავლო რესურსცენტრი. რაც მთავარია, პროექტის განხორციელების პროცესში, ყველა პარტნიორ კოლეჯში მოხდა CISCO-ს სართაშორისო ქსელური აკადემიების დაფუძნება და აღჭურვა შესაბამისი სტანდარტებით, ვიდეო-საკონფერენციო სისტემების აპარატურული და პროგრამული უზრუნველყოფა, ინსტრუქტორების გადამზადება და ერთიანი IT პროფესიული საგანმანათლებლო სივრცის შექმნა.

    მომხსენებლებმა – განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ირინა წეროძემ, ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორმა, დღევანდელი საპრეზენტაციო პროექტის ხელმძღვანელმა, ზაზა ცირამუამ, „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს“ უმაღლესი და პროფესიული განათლების პროექტების დირექტორმა, ნოდარ სურგულაძემ და პროექტის – „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ ხელმძღვანელმა, დევიდ ჰენლიმ – აუდიტორიას გაუზიარეს რეკომენდაციები და ინფორმაციულ ტექნოლოგიებში პროფესიული პროგრამების ინტეგრირების განვითარების პერსპექტივები, ასევე, ისაუბრეს პროფესიული განათლებისადმი კლასტერული მიდგომის მოდელის უპირატესობასა და მექანიზმებზე. პროფესიული განათლების სისტემისა და კერძო სექტორის ურთიერთთანამშრომლობის საკითხები განიხილეს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, MCA/MCC-ის, პარტნიორი კოლეჯებისა და IT დამსაქმებელთა საბჭოს წარმომადგენლებმა.

    როგორც პროექტის ხელმძღვანელმა, ზაზა ცირამუამ აღნიშნა, „პროექტმა შეძლო საქართველოს იმ რეგიონული პროფესიული კოლეჯების ერთიან ქსელში გაერთიანება, რომლებიც IT მიმართულებით ახორციელებს სწავლებას. ჩვენ მიერ შექმნილი ქსელი პირველ რიგში გულისხმობს ინსტრუქტორებისა და პედაგოგების პროფესიულ განვითარებას, სასწავლო მასალებისა და რესურსების შექმნა-მობილიზებას, ბიზნესის ჩართულობის გაძლიერებას. პროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია საერთაშორისო სერთიფიცირებული პროგრამების დანეგვა ჩვენი პროფესიული სწავლების სისტემაში, სადაც სტუდენტს სახელმწიფო დიპლომის გარდა შესაძლებლობა ეძლევა მოიპოვოს საერთაშორისო სერთიფიკატიც, რაც ზრდის პროფესიულ კოლეჯებში მაღალკვალიფიციური კადრების მომზადების გარანტიას და, ასევე, ერთიორად ზრდის დამსაქმებლის დაინტერესებასაც“.

    დღევანდელი საპრეზენტაციო პროექტის – „ინფორმაციული ტექნოლოგიების სწავლების ერთიანი მოდელის დანერგვა საქართველოს რეგიონებში და მათ ბაზაზე საერთაშორისო სერტიფიცირებული პროგრამების დაფუძნება“ – ბიუჯეტი 455 035 აშშ დოლარია. პროექტის განსახორციელებლად, თანადაფინანსების პრინციპით, „ათასწლეულისგამოწვევის ფონდი-საქართველომ“ 395 035 აშშ დოლარი, ტექნიკურმა უნივერსიტეტმა კი – 60 000 აშშ დოლარი გაიღო