19 აპრილი, 2019

ახალი შესაძლებლობა ქალებისთვის, რომლებიც ტექნიკური მიმართულების პროფესიულ პროგრამებს ეუფლებიან

„ათასწლეულის გამოწვევის ფონდ – საქართველოს“ ფინანსური დახმარებით შექმნილი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების კურსდამთავრებული გოგონები და ქალები, უახლოეს მომავალში, სამთვიან ანაზღაურებად სტაჟირებას კორპორაცია „ფოთის საზღვაო ნავსადგურში“ ტექნიკური დარგის ისეთ პროფესიებში გაივლიან, როგორიცაა ელექტროინჟინერია, მექანიკური ინჟინერია, ინფორმაციული ტექნოლოგიები, შრომის უსაფრთხოება, ნავსადგურის ამწის ოპერატორი და შემდურებელი.

საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა „ათასწლეულის გამოწვევის ფონდ – საქართველოსა“ და კორპორაცია „ფოთის საზღვაო ნავსადგურთან“ ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერა ხელი. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან ერთად, ანალოგიური ტიპის მემორანდუმების ხელმომწერი მხარეები არიან საზოგადოებრივი კოლეჯები: „სპექტრი“, „ფაზისი“, „თეთნულდი“, ასევე, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმების ხელმოწერის ცერემონიალი, რომელიც სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ შედგა, „ათასწლეულის გამოწვევის ფონდ – საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ, კორპორაცია „ფოთის საზღვაო ნავსადგურის“ გენერალურმა დირექტორმა კლაუს ჰოლმ ლოურსენმა, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორმა ჯენერ ედელმანმა და საქართველოში აშშ-ის საელჩოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ოფიცერმა ჯეფ რენომ გახსნეს.

აღნიშნული მემორანდუმების საფუძველი ქალთა ეკონომიკური გაძლიერებაა. ინიციატივა „ათასწლეულის გამოწვევის ფონდ – საქართველოს“ და კორპორაცია „ფოთის საზღვაო ნავსადგურს“ ეკუთვნის.

„ათასწლეულის გამოწვევის ფონდ – საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორის, მაგდა მაღრაძის განცხადებით, ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, გარკვეულ წილად, დამოკიდებულია ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებაზე და ამ პროცესში მნიშვნელოვანია კერძო სექტორის როლი. მისი თქმით, სამუშაო ძალის დივერსიფიკაცია და კადრების მრავალფეროვნება შექმნის ინკლუზიურ სამუშაო გარემოს, ხელს შეუწყობს შრომის ბაზარზე არსებული სტერეოტიპების რღვევას, ქალებს კი საშუალებას მისცემს, დაეუფლონ მათთვის ნაკლებად პოპულარულ პროფესიებს და მიიღონ დასაქმების რეალური შესაძლებლობები. „ეს უნიკალური კერძო-საჯარო პარტნიორობაა, რომელიც ქალებსა და მამაკაცებს თანაბარ შესაძლებლობას მისცემს დასაქმების კუთხით“, – აღნიშნა მაგდა მაღრაძემ.

როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ მეცნიერების დარგში – ზურაბ გასიტაშვილმა განაცხადა, მემორანდუმი გააღრმავებს თანამშრომლობას კერძო სექტორსა და ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის, სადაც „ათასწლეულის გამოწვევის ფონდის“ ფინანსური დახმარებით ახალი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებია შექმნილი.

„ტექნიკური უნივერსიტეტი საინჟინრო-ტექნოლოგიური დარგების ფლაგმანია საქართველოში, ამდენად, ჩვენ მუდმივად ვავითარებთ საგანმანათლებლო პროგრამებს პროფესიული მიმართულებითაც. პროფესიული განათლება მნიშვნელოვანია საქართველოსთვის და ვხედავთ, რომ საჭიროა საინჟინრო-ტექნიკური და ტექნოლოგიური მიმართულების დარგობრივი სპეციალისტები. მიგვაჩნია, რომ ასევე მნიშვნელოვანია ქალების აქტიურად ჩართვა და მათი როლის სტიმულირება პროფესიული განათლების პროცესში. ეს მემორანდუმი კონკრეტულად ქალების მიერ რთული სპეციალობების დაუფლების მხარდაჭერას ეხება. ჩვენს ქვეყანაში ნებისმიერ ქალს უნდა მიეცეს არჩევანის თავისუფლება პროფესიის დაუფლების კუთხით“, – განაცხადა ზურაბ გასიტაშვილმა.

ტექნიკური უნივერსიტეტის „ტექნიკური გადამზადების ცენტრის“ დირექტორის, ვიქტორ ბარამიას თქმით, მემორანდუმი ორი მიმართულებითაა მნიშვნელოვანი, როგორც „ფოთის საზღვაო ნავსადგურთან“ თანამშრომლობის შესაძლებლობა და ტექნიკური დარგის პროფესიული პროგრამების კურსდამთავრებული ქალების დასაქმების მხარდაჭერა.

„რაც შეეხება ტექნიკური უნივერსიტეტის „ტექნიკური გადამზადების ცენტრს“, მემორანდუმის ფარგლებში გადაკვეთა ჩვენს სამ პროფესიასთანაა შესაძლებელი. ეს არის მექატრონიკის, მექანიკის ინჟინერიისა და ელექტროტექნიკოსის პროფესიული პროგრამები. ამ მემორანდუმის გაფორმება მნიშვნელოვანი ფაქტია ჩვენი ამჟამინდელი სტუდენტი გოგონებისთვის და მათთვისაც, ვინც სამომავლოდ ჩაირიცხება ჩვენი ცენტრის პროგრამებზე“, – აღნიშნა ვიქტორ ბარამიამ.

როგორც ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორმა, საქართველოში Сisco-ს აკადემიის კოორდინატორმა ზაზა ცირამუამ განაცხადა, საზოგადოებრივმა კოლეჯმა „თეთნულდმა“, ტექნიკურ უნივერსიტეტთან და Сisco-ს აკადემიასთან პარტნიორობითა და „ათასწლეულის გამოწვევის ფონდის“ ფინანსური მხარდაჭერით, უპრეცედენტო პროექტი განახორციელა – შექმნა ერთიანი IT პროფესიული საგანმანათლებლო ქსელი, რომელშიც თითქმის ყველა რეგიონული პროფესიული სასწავლებელია ჩართული. მისი თქმით, აღნიშნული მემორანდუმი ერთიანი IT ქსელის ყველა კოლეჯის წარმატებულ კურსდამთავრებულ გოგონებს არა მხოლოდ „ფოთის საზღვაო ნავსადგურში“ ანაზღაურებადი სტაჟირების გავლის, არამედ, სამომავლოდ, ამ დიდ კორპორაციაში დასაქმების შესაძლებლობასაც მისცემს.